ქართული ნეოლოგიზმების მონიტორინგის ვებსაიტი
Neologismon
ქართული ნეოლოგიზმების მონიტორინგის ვებსაიტი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ სამწლიანი პროექტის ნაწილი, რომელიც დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (FR-23-4304). აღნიშნული პროექტი მოიცავს სამ კომპონენტს:
1.ქართული ნეოლოგიზმების ნახევრადავტომატურ რეჟიმში აღმოჩენის მეთოდის შემუშავება;
2.ამ მეთოდის გამოყენებით შეკრებილი ნეოლოგიზმების ონლაინლექსიკონის შედგენა და
3.ქართული ნეოლოგიზმების მონიტორინგის ვებსაიტის შექმნა.
მეთოდოლოგია
ჩვენ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია ძირითადად იყენებს ნეოლოგიზმების აღმოჩენის ყველაზე გავრცელებულ მეთოდს, გამორიცხვის პრინციპზე დაფუძნებულ მეთოდს და დეტალურადაა აღწერილი თ. ლალუაშვილისა და თ. მარგალიტაძის სტატიაში „ახალი სიტყვების ნახევრადავტომატურ რეჟიმში აღმოჩენის მეთოდი ქართულ ენაში“, რომელიც გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Lexikos, ტ. 35. 2025. DOI: https://doi.org/10.5788/35-1-2044. ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე შეიკრიბა 1700 ახალი სიტყვა თანამედროვე ქართულ ენაში და შეიქმნა ქართული ნეოლოგიზმების განმარტებითი ონლაინლექსიკონი. აღნიშნული მეთოდოლოგია ასევე დაედო საფუძვლად ქართული ნეოლოგიზმების მონიტორინგის ვებსაიტსაც.
ნეოლოგიზმების მონიტორინგის პლატფორმას აქვს მართვის პანელი და მომხმარებლის მხარე, მომხმარებლის ინტერფეისი.
პლატფორმის მართვის პანელზე წვდომა აქვს მხოლოდ ავტორიზებულ სპეციალისტს და იგი მოიცავს რამდენიმე ინსტრუმენტს:
1) ე.წ. „კროლერებს“, რომლებიც აგროვებენ ტექსტებს წინასწარ შერჩეული საიტებიდან, კერძოდ ეს არის ონლაინგამოცემების, ონლაინმედიის, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საიტები და სხვა;
2) ტოკენიზატორს, რომელიც ახდენს შეკრებილი ტექსტების ტოკენიზაციას, ანუ სიტყვებად შლის მათ;
3) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ირინა ლობჟანიძის ხელმძღვანელობით შექმნილ ლემატიზატორს, რომლის ლექსიკონი მოიცავს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონების სიტყვებს და ახდენს მხოლოდ მათ ლემატიზაციას. ამდენად, ი. ლობჟანიძის ლემატიზატორი ასრულებს ე.წ. „გამორიცხვის სიის“ ფუნქციას, ყველა არალემატიზებული სიტყვა განიხილება ნეოლოგიზმის კანდიდატად და გროვდება ცალკე ბაზაში მართვის პანელში;
4) ნორვეგიელი მეცნიერის პაულ მოირერის მიერ ქართული ენის ეროვნული კორპუსისთვის შექმნილ ლემატიზატორს, რომელიც ცნობს ისეთ სიტყვებსაც, რომლებიც არ არის შეტანილი მის ლექსიკონში.
შესაბამისად, ეს ლემატიზატორი ახდენს პირველადი ლემატიზაციის შედეგად დარჩენილი არალემატიზებული სიტყვების ლემატიზაციას, რის შედეგადაც გასაანალიზებელი ნეოლოგიზმების კანდიდატების რაოდენობა მცირდება თითქმის 45%-ით. ნეოლოგიზმების კანდიდატების საბოლოო სია გადადის სპეციალურ ბაზაში იმ კონტექსტებთან ერთად, რომლებშიც ეს სიტყვებია გამოყენებული. ეს პროცესები სრულადაა ავტომატიზებული მართვის პანელში ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტების დახმარებით. შემდეგ ეტაპზე ლექსიკოგრაფები აანალიზებენ მიღებულ მასალას და არჩევენ ნეოლოგიზმების კანდიდატებს ვებსაიტზე გამოსაქვეყნებლად.
პლატფორმის მეორე ნაწილი მოიცავს მომხმარებლის მხარეს, მომხმარებლის ინტერფეისს, რომელზე წვდომა აქვს ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს. პლატფორმის ამ მხარეს ქვეყნდება ნეოლოგიზმების კანდიდატები. ყოველ სიტყვას ახლავს განმარტება და გამოყენების კონტექსტები. მომხმარებლებს შეუძლიათ დატოვონ კომენტარები და სარედაქციო გუნდს მიაწოდონ მოსაზრებები ნეოლოგიზმების კანდიდატების შესახებ. განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ ნეოლოგიზმი გადადის ნეოლოგიზმების ონლაინლექსიკონში და იქმნება შესაბამისი სიტყვა-სტატია.